შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
სახელმწიფო მინისტრმა მემორიალთან შეკრებილ დაღუპული სამხედროების ოჯახების წევრებს სამძიმარი გამოუცხადა და მათ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ახალგაზრდების მიერ ქვეყნის წინაშე გამოჩენილი თავდადებისთვის. მოგვიანებით, თეა ახვლედიანი და ჯუანშერ ბურჭულაძე შინდისში დაღუპული 17 გმირის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრნენ.
„13 წლის წინ აქ, სწორედ ამ ადგილას საქართველოს ღირსების დასაცავად, ჩვენი ჯარისკაცების თავგანწირვის, მტერთან შეუპოვარი ბრძოლის, გამორჩეული გმირობის ისტორია დაიწერა. აქ დაიბადა შინდისის გმირები და უკვდავყოფილია მათი სახელები. ჩვენ დავკარგეთ 17 ახალგაზრდა ვაჟკაცის სიცოცხლე, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს ცოცხლად გადარჩენილი გმირებიც და მე ქედს ვიხრი მათი ჩვენი ქვეყნისთვის თავდადების წინაშე. ეს აუცილებლად გვავალდებულებს თითოეულ ჩვენგანს, რომ მაქსიმალურად და ყოველთვის დავიცვათ მშვიდობა.
მშვიდობით გავაერთიანოთ ჩვენი ხალხი და გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა. მე პატივს მივაგებ შინდისის გმირების, დაღუპული გმირების ხსოვნას, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, რომელთა გვერდით დგომა დღეს არის უაღრესად მძიმე, მაგრამ ამავდროულად ძალიან საპატიო და საამაყო,“-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.