თეა ახვლედიანმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

8 აგვისტო 2022
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო. სახელმწიფო მინისტრი დაღუპული გმირების მშობლებსა და ოჯახების წევრებს ესაუბრა, კიდევ ერთხელ გამოხატა თანაგრძნობა და ხაზი გაუსვა ომში დაღუპული გმირების ღვაწლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ღირსების დაცვაში.
 
თეა ახვლედიანმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო გორშიც. სახელმწიფო მინისტრმა გორის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და გორისა და ატენის მიტროპილიტ - მეუფე ანდრიასთან ერთად, დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო.
 
"რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გმირების წვლილი არის განუზომლად მნიშვნელოვანი საქართველოს სახელმწიფოებრიობის, მისი დამოუკიდებლობის და ღირსების დაცვაში, რასაც მათ საკუთარი სიცოცხლე შესწირეს, ჩვენ ყოველ დღე გვახსოვს ისინი. საქართველოს უახლესი ისტორიის ამ ტრაგიკულ დღეებში კი, სრულიად საქართველოსთან ერთად, ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. თანავუგრძნობ საქართველოს თითოეული დაღუპული მოქალაქის, მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების ოჯახებს, რომლებიც ახლობლის დანაკარგით განუზომელ ტკივილს განიცდიან. ასევე ჩვენს ქვეყანას და საქართველოს ხალხს დღემდე უწევს, სამწუხაროდ, 14 წლის წინ რუსეთის სამხედრო აგრესიით განხორციელებული ოკუპაციის უმძიმეს შედეგებთან გამკლავება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს დღესდღეობით. საქართველოს მთავრობა კი, განუხრელად და მტკიცედ განაგრძობს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას, მიუხედავად რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი ურთულესი მდგომარეობისა და იმ პირობებშიც კი, როდესაც ჩვენ შეზღუდული გვაქვს წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, საქართველოსთვის გამოხატული თანადგომის და მტკიცე მხარდაჭერისათვის, რომლის გაგრძელებას ჩვენს სამშვიდობო ძალისხმევასთან ერთად, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ხალხის, განსაკუთრებით კი კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების საკეთილდღეოდ, მათი უფლებების დასაცავად, გაყოფილი საზოგადოების შერიგებისკენ და ჩვენი საბოლოო მიზნის მისაღწევად, რათა შევძლოთ მშვიდობიანი თანაცხოვრება ერთიან, ძლიერ და ევროპულ სახელმწიფოში," - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.