შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
სახელმწიფო მინისტრმა მემორიალთან შეკრებილ დაღუპული სამხედროების ოჯახების წევრებს მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა. მოგვიანებით, თეა ახვლედიანი და ჯუანშერ ბურჭულაძე შინდისში გმირულად დაღუპული 17 მეომრის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ.
„შინდისის ბრძოლა ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გმირობის ეპიზოდია 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიაში, თუმცა ასევე, ერთ-ერთი უმძიმესი, რომელსაც 17 ახალგაზრდა გმირის სიცოცხლე შეეწირა რუსეთის ჯართან უთანასწორო შეტაკებაში. აქ, დღეს შეკრებილ საქართველოს სასახელო გმირების ოჯახის წევრებს მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო, ვუსურვო შემართება და გამძლეობა მათ მოუშუშებელ ტკივილთან გამკლავებაში. დღევანდელ დღეს, ჩვენი დაღუპული გმირების პატივის მიგებასთან ერთად, მათი თავგანწირვა, ისევე როგორც ჩვენი გადარჩენილი მებრძოლების ღვაწლი, არის ის უდიდესი რამ, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი მომავლის რწმენას და ასევე ჩვენს ვალდებულებას, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ განვამტკიცოთ და შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის, მეტი განვითარებისთვის, ომით გაყოფილი ჩვენი საზოგადოების გამთლიანებისა და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.