თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN-WOMEN) ხელმძღვანელთან კაორი იშიკავასთან შეხვედრა გამართა

17 აგვისტო 2022
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN-WOMEN) ხელმძღვანელთან კაორი იშიკავასთან შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულების - როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში დასახული ამოცანები და სამომავლო ხედვები, რომელთა მიმართებით აქცენტი გაკეთდა ქალთა ჩართულობისა და როლის გაზრდის პრიორიტეტზე, საჭიროებებსა და მათზე რეაგირების გზებზე.
 
სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების მხარდაჭერისა და გაძლიერების მიმართულებით და ორგანიზაციის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა ამ პროცესში შეტანილი წვლილისთვის.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს მრავალეთნიკურ საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების, ადრეული ქორწინების, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. მხარეებმა ასევე იმსჯელეს სამშვიდობო პროცესში ქალთა ჩართულობის გაზრდისა და გაძლიერების, ისევე როგორც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების შემდგომი დახმარების შესაძლებლობებზე.
 
საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის მიმართ და ამ და სხვა საკითხებზე სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.