შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
სახელმწიფო მინისტრმა, თბილისში, თამარაშვილის ხეივანში არსებულ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების სახელმწიფო პროგრამის და დაკარგულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენის პროცესი გრძელდება და უფრო გააქტიურდება, რათა მაქსიმალურად მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მოძიება და მათი ოჯახების ხანგრძლივი გაურკვევლობის დასრულება მოხერხდეს.
„დღევანდელი თარიღის აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პირველ რიგში 2300-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული პირის ოჯახებისთვის და, ზოგადად, საქართველოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის იმ შედეგების შესახებ, რაც ოჯახებისთვის საყვარელი ადამიანის გაუჩინარებას და ხანგრძლივ გაურკვევლობას მოაქვს. დღეს, თბილისთან ერთად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აღვნიშნავთ; პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, გამოვხატავთ ოჯახებისადმი გულწრფელ თანაგრძნობას და მხარდაჭერას, რომელთათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ მათი უგზო-უკვლოდ დაკარგული ოჯახის წევრები არ არიან დავიწყებულები! ჩვენ მუდამ გვახსოვს და გვემახსოვრება მათი ღვაწლი სამშობლოს წინაშე;. ჩვენი ამოცანა კი, არის დავადგინოთ მათი ხვედრი, ადგილსამყოფელი და დავასრულოთ ოჯახების ხანგრძლივი მოლოდინი, რა მიზანსაც ემსახურება ჩვენი ძალისხმევა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით მიმდინარეობს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, სახელმწიფო უწყებების და, რა თქმა უნდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების წარმომადგენლებს, დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
ღონისძიებას, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა, დაკარგულთა ოჯახის წევრებთან ერთად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენის პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მემორიალი თბილისში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით დამზადდა და 2021 წლის 23 სექტემბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური ჩართულობით გაიხსნა.