შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის რიგით მე-11 სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
სახელმწიფო მინისტრმა ევროპარლამენტის წევრებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ევროკავშირის განსაკუთრებულ როლს და ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობის გზით.
თეა ახვლედიანმა მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული გამოწვევები და ყურადღება გაამახვილა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებზე, როგორიც არის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, თავისუფალ გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესება, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთლხლართებისა და სხვა ფიზიკური ბარიერების აღმართვა, საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა და სხვ. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ოთხი მოქალაქის - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის, ასევე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ჰუმანიტარული მიდგომის საფუძველზე დაუყოვნებელი გათავისუფლების აუცილებლობა.
საკუთარ გამოსვლაში სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესზე და სამომავლო ხედვებზე, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ დეპოლიტიზებულ მიდგომებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს ეფუძნება.
„დღეს ევროკავშირთან ასოცირების საპარლამენტო განზომილების ამ უმნიშვნელოვანეს ფორმატში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა დეტალურად განგვეხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და უფლებრივი კუთხით შექმნილი მძიმე ვითარება, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან მიმართებაში მიმდინარე იზოლაციის პოლიტიკა, დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები, ისევე როგორც საქართველოს სამშვიდობო პროცესში მათ შორის ჩართულობის და შერიგების მიმართულებით ევროკავშირის შემდგომი როლის გააქტიურების კონკრეტული გზები. ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა, ისევე როგორც ჩვენი სახელმწიფოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ,“- განაცხადა თეა ახვლედიანმა.