27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დოკუმენტური ფილმის "თავისუფლების ფასის" პრემიერას დაესწრო. სახელმწიფო მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღის, 27 სექტემბრის დატვირთვაზე ისაუბრა.
თეა ახვლედიანმა საკუთარ გამოსვლაში, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მიმართულ, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მშვიდობის განმტკიცების და მშენებლობის გზით, ქართველთა და აფხაზთა მიერ ერთობლივად უნდა განხორციელდეს ხელოვნურად დაშორებულ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენა და შერიგება. სახელმწიფო მინისტრმა სამშვიდობო ინიციატივებზე, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის ფარგლებში სამომავლო ხედვებზე, მიზნებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა, რასაც, ხელისუფლება, მიმდინარე ოკუპაციის და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევების პირობებში, მშვიდობის მშენებლობისა და ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზით ახორციელებს.
სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ დოკუმენტური ფილმი - „"თავისუფლების" ფასი", ეხმიანება რუსეთის მიერ ოკუპირებული, საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების ე.წ. „თავისუფლებისკენ სრწაფვის“ ფონზე, გამყოფი ხაზს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ უმძიმეს ვითარებას. მინისტრის განცხადებით, აფხაზეთი ასეთი დამოკიდებული და არათავისუფალი არასდროს ყოფილა, ისევე როგორც აფხაზური ენა და იდენტობა არასდროს ყოფილა ასე ახლოს გაქრობის საფრთხის წინაშე.
სახელმწიფო მინისტრის მხრიდან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიზანმიმართული დეზინფორმაციის, ანტიქართული პროპაგანდისა და კონფლიქტთან დაკავშირებული ნეგატიური სტერეოტიპების დანერგვის უკანონო პოლიტიკაზე, რაც ხალხის შემდგომ დაშორებას, აფხაზური და ქართული კვალის განადგურებას და მოსახლეობის სრულ ასიმილაციას ისახავს მიზნად. თეა ახვლედიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატის განახლებული სტრატეგიული ხედვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტულ მიმართულებას სწორედ აღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავება წარმოადგენს, საქართველოს მთავრობის დეპოლიტიზირებული, ჰუმანიტარული და ნეიტრალური სტატუსის ინიციატივებისა და სამშვიდობო ძალისხმევის გაძლიერების გზით.
მედიაჰოლდინგ "კვირას" დამფუძნებლის, ქეთევან ხოსიტაშვილის საავტორო-დოკუმენტურ ფილმში ასახულია რეალური სურათი, თუ რა მდგომარეობაა დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით, და რა ფასს უხდიან ისინი რუსეთს ე.წ. თავისუფლებისთვის.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი კობა კობალაძე.