შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. თეა ახვლედიანმა, საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 29 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღის, როგორც საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღის, დატვირთვაზე ისაუბრა.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ახლა, როდესაც საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების დღემდე მიმდინარე ოკუპაციის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების რეგულარული დარღვევების ფონზე, მსოფლიო კიდევ ერთხელ გახდა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის მოწმე და რეგიონში უკიდურესად გამწვავდა უსაფრთხოების გამოწვევები, ეს ტრაგიკული თარიღი აფხაზებისა და ქართველების ერთად დგომითა და მშვიდობის განმტკიცების გზით, ერთობლივი ძალისხმევით უნდა ვაქციოთ არა მტრობის, არამედ მხოლოდ მშვიდობის და გაერთიანებულ საქართველოში მშვიდობიანი თანაცხოვრების სიმბოლოდ.
საკუთარ გამოსვლაში სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შერიგებისა და ჩართულობის დეპოლიტიზირებული და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელების პროცესზე და სამომავლო ხედვებზე, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ მიზნებსა და პრიორიტეტებს, ნეიტრალური სტატუსის მიდგომებს ეფუძნება. ამ კონტექსტში მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო პროცესში, ქალებისა და ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობაზე, რომლის მხარდაჭერაც, სახელმწიფო მინისტრის აპარატის განახლებული სტრატეგიული ხედვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას აფხაზეთიდან დევნილი სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, მწერლები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, თსუ-ს რექტორი და მკვლევარები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა მომღერალი ნათია თოდუა თანამედროვე ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და საზღვარგარეთ მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა.