შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ევროკავშირის ახლადდანიშნულ ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან, პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
თეა ახვლედიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მიერ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და აქვე, ხაზგასმით აღნიშნა, ევროკავშირის განსაკუთრებული როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის, ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენის პროცესში. ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობას.
თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულების - როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები.
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევები, ეთნიკური დისკრიმინაციის, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის ჩათვლით. სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერისა და კონსოლიდირებული მოქმედების გაგრძელების მნიშვნელობას, უკანონო პატიმრობაში მყოფი თითოეული მოქალაქის ჰუმანიტარული მიდგომის საფუძველზე უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით, სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა მთავრობის მიერ დამტკიცებული 2021-2030წწ. სახელმწიფო სტრატეგია, რომელშიც განსაზღვრულია სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები.
თავის მხრივ, ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.