შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. ღონისძიება უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კვირეულის „აფხაზეთის“ ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაში ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.
სახელმწიფო მინისტრმა ახალგაზრდებთან 29 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და სოხუმის დაცემის დღის, როგორც საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღის დატვირთვაზე ისაუბრა. თეა ახვლედიანმა, საქართველოს განუყოფელი რეგიონების მიმდინარე რუსული ოკუპაციის შედეგად, საქართველოს წინაშე დღესდღეობით არსებულ გამოწვევებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ და უფლებრივ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკაზე ისაუბრა და სტუდენტებს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივები გააცნო.
განსაკუთრებული აქცენტი შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებსა და სამომავლო ხედვებზე გაკეთდა, რაც საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის, შერიგებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ დეპოლიტიზებულ, ჰუმანიტარულ და სტატუს-ნეიტრალურ მიდგომებს ეფუძნება. თეა ახვლედიანმა, ასევე, მშვიდობის მშენებლობის პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის როლზე ისაუბრა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. მინისტრმა ახალგაზრდებთან სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
სტუდენტებთან შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით შედგა და მას უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი და აკადემიური პერსონალი ესწრებოდნენ. თეა ახვლედიანმა უნივერსიტეტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა. სახელმწიფო მინისტრმა უნივერსიტეტის სივრცეში, აფხაზეთის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით, აფხაზეთისადმი მიძღვნილი გამოფენაც დაათვალიერა.