შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, დომაგოი ჰაიდუკოვიჩთან შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა პარლამენტის წევრებს მადლობა გადაუხადა ხორვატიის მხრიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. აღნიშნულ კონტექსტში, ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობას.
თეა ახვლედიანმა უცხოელ სტუმრებს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულების - როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკების პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები.
დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და ფუნდამენტური უფლებების სხვა უხეში დარღვევები. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებაზე საუბრისას, თეა ახვლედიანმა სტუმრებს აღნიშნული პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის მიმდინარეობა და ხედვები გააცნო, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ ახლებურ მიდგომებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს ეფუძნება.
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით, სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა მთავრობის მიერ დამტკიცებული 2021-2030წწ. სახელმწიფო სტრატეგია, რომელშიც განსაზღვრულია სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები.
ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ხორვატიის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ.
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.