შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ - ლია გიგაურმა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარის მონაწილე მასწავლებლებს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორ თამარა წულეისკირთან ერთად, სერტიფიკატები გადასცა.
ლია გიგაურმა სემინარის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში უმასპინძლა, მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის შესახებ.
კერძოდ, ისაუბრა როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკაზე, ამ მიმართულებებით არსებულ პროგრესზე, ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების პროცესში მასწავლებლების ფასდაუდებელ როლს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ დასახული მიზნების მისაღწევად, პირველი რიგის პრიორიტეტებია ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლება, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მშობლიური ენის სწავლება.
მისივე განცხადებით, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, პედაგოგებთან ინტენსიური კომუნიკაცია, მათი ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით გახსნილი შესაძლებლობების შესახებ, უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ პედაგოგები არიან მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და ზოგადად, თემთან ყოველდღიურად კავშირში, მათ მიერ მიტანილი ინფორმაცია კი, ადგილზე მაღალი ნდობით სარგებლობს.
ორდღიან სემინარში 30-მდე პედაგოგი ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან, ასევე თბილისის არაქართულენოვანი სკოლებიდან მონაწილეობდა.
კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარი მოიცავდა შეხვედრებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან, თემის ექსპერტებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები ეწვივნენ ოკუპაციის მუზეუმსაც.
კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარების ციკლი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პარტნიორობით ხორციელდება, რომელსაც მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი.