ლია გიგაურმა კახეთის რეგიონში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან არსებულ საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაში მიიღო მონაწილეობა

20 ოქტომბერი 2022
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა კახეთის რეგიონში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან არსებულ საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
 
ლია გიგაურმა საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და უწყების საქმიანობის შესახებ ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ აქცენტი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, მიღწეულ პროგრესზე, ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე გააკეთა. ლია გიგაურმა ასევე ისაუბრა იმ მექანიზმების შესახებ, რომელთა საშუალებითაც მოხდება სტრატეგიის ფარგლებში დასახული მიზნებისა და ამოცანების რეალიზება და დეტალურად განიხილა საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს როლი, მიზნები და ამოცანები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტეგრაციის პროცესის ეფექტიანობის გასაზრდელად.
 
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რომელზეც საბჭოს სხდომის მონაწილე სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ მნიშვნელოვან მიღწევებზე გააკეთეს აქცენტი, ასევე ისაუბრეს პრობლემატურ საკითხებზეც და მათი დაძლევის გზები ერთობლივად დასახეს.
 
შეხვედრაში მონაწილეობა რეგიონში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლებიდან თემის ლიდერებმა და კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის მერებმა მიიღეს.
 
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან არსებული საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით 2016 წელს შეიქმნა.