სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა

26 ოქტომბერი 2022
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა.
 
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გაერთიანებული ერების დღისა და გაეროში საქართველოს გაწევრიანების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა და საქართველოს მთავრობის სახელით საიუბილეო თარიღი, დამსწრე საზოგადოებასთან ერთად, სრულიად საქართველოს მიულოცა.
 
სახელმწიფო მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გაეროს როლზე საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და თანასწორობის, ასევე მდგრადი განვითარების კონტექსტში. თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მათ შორის, დემოკრატიული განვითარების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცების, ღია მმართველობის, ეკონომიკური გაძლიერების, გენდერული თანასწორობის, ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების თუ სხვა შესაბამისი მიმართულებებით. ხაზსგასმით აღინიშნა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გაერო-ს მხარდამჭერი მტკიცე პოზიციის, ისევე როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თანადგომის პროცესში მისი როლის მნიშვნელობა.
 
თეა ახვლედიანის განცხადებით, წლების მანძილზე, საქართველო, გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების მიმღები ქვეყნიდან, ჩამოყალიბდა მდგრადი ეკონომიკური განვითარების მქონე სტაბილურ დემოკრატიულ სახელმწიფოდ, გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში მნიშვნელოვანი როლითა და ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მყარი და ღირსეული პერსპექტივით, რაც ასევე გაერო-სთან ჩვენს ნაყოფიერ მუშაობას უკავშირდება.
 
სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ დაადასტურა გაერო-ს ფუძემდებლური პრინციპებისადმი საქართველოს ერთგულება და შემდგომი მტკიცე მზაობა, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა ერთიანი ფასეულობების დასაცავად, საქართველოში და გლობალურად მშვიდობის განმტკიცებისთვის. თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს საკუთარი გამორჩეული ადგილი უკავია გაერო-ს ფარგლებში, ყველა პრიორიტეტული მიმართულებით მიმდინარე პროცესებში და აქტიურად არის ჩართული ორგანიზაციის საქმიანობაში, მათ შორის არჩევითი ორგანოების წევრობის გზით.
სახელმწიფო მინისტრმა თავისი გამოსვლა, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოთქმული სიტყვებით დაასრულა:
 
- „საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობითა და თანამშრომლობით, ჩვენ ავაშენებთ უფრო ნათელ, მეტად მშვიდობიან და აყვავებულ სამყაროს დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის“
- „...ჩვენ დავაბრუნებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას ჩვენს სახლებში და ქვეყნებში, რაც გაერო-ს დაარსების მთავარ სულისკვეთებას წარმოადგენს.“
 
ღონისძიება საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა და სახელმწიფო მინისტრთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში საბინე მახლმა. ღონისძიებაზე საქართველოსა და გაეროს 30 წლიანი პარტნიორობის შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება შედგა და საღამოს მუსიკალურ ნაწილში საიუბილეო კონცერტი მოეწყო საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრის შესრულებით, მის სამხატვრო ხელმძღვანელ, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან და მუსიკოს ცოტნე ზედგინიძესთან ერთად.