თეა ახვლედიანმა საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ედიტე მედნესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

7 ნოემბერი 2022
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ედიტე მედნესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
 
თეა ახვლედიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა ლატვიის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას.
 
სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა აპარატის საქმიანობის ორივე - შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით არსებული პრიორიტეტები.
 
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიზნები და სამომავლო გეგმები, აღინიშნა ის მექანიზმები და ინსტრუმენტები, რომლებიც ხორციელდება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში, და მიმართულია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში თანასწორი ჩართულობისკენ.
 
ასევე, სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა. თეა ახვლედიანმა ელჩს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
თავის მხრივ, ელჩმა სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.