შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.
სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობა და 2021 წლის აპრილიდან მისი სტრატეგიული გადახედვის პროცესი განიხილეს, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობით და სამთავრობო უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში ხორციელდება. ამასთან, სამთავრობო კომისიამ, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობაც შეაჯამა და ამ პროცესში მიღწეულ შედეგებზე, არსებულ სირთულეებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.
„დღევანდელ უწყებათაშორის კომისიაზე გამართული მსჯელობა, წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის შეჯამებასა და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრასთან ერთად, მეტად მნიშვნელოვანი იყო იმ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის გაძლიერების თვალსაზრისით, რომლებიც ვმონაწილეობთ შერიგების და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, ისევე როგორც სამშვიდობო ინიციატივების ერთიანი სამთავრობო მიდგომით განხორციელების პროცესში. ჩვენ სიღრმისეულად განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი განზომილება, მიღწეული შედეგები, გამოვლენილი ტენდენციები და არსებული სირთულეებიც. დასახული ერთიანი ხედვის ფარგლებში, ვაგრძელებთ ინტენსიურ და ერთობლივ თანამშრომლობას ჩვენს ყველა სხვა პარტნიორთან ერთად იმისთვის, რომ მეტ შედეგებს მივაღწიოთ კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე - ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობისა და შერიგების თვალსაზრისით. ასევე, იმ მიზნით, რომ თითოეული ჩვენი შემდგომი ნაბიჯი უკეთესად და მაქსიმალურად იყოს მორგებული ადგილზე არსებულ ვითარებას და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებს,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
სამთავრობო კომისიის ინტენსიური მუშაობა განახლებული შემადგენლობით 2021 წლიდან დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც არიან საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სხდომას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.