ლია გიგაურმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის თემატური ჯგუფის შეხვედრა - „კულტურათაშორისი დიალოგის მხარდაჭერა“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა

17 ნოემბერი 2022
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის თემატური ჯგუფის შეხვედრა - „კულტურათაშორისი დიალოგის მხარდაჭერა“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა
 
ლია გიგაურმა დამსწრე საზოგადოებას სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის ათწლიანი სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ დეტალურად მიმოიხილა სტრატეგიული პრიორიტეტის - კულტურათაშორისი დიალოგის - ფარგლებში განსაზღვრული მიზნებისა და დასახული ამოცანების ფარგლებში მიღწეული შედეგები და ისაუბრა დაგეგმილ ღონისძიებებზე. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.
 
„კულტურული მრავალფეროვნების მხარდაჭერა, კულტურათაშორისი დიალოგის განვითარებაზე ზრუნვა არის სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული პრიორიტეტი. კულტურათაშორისი დიალოგის თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიზნად ისახავს თემით დაინტერესებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან მიმდინარე საქმიანობის მიმოხილვას, ცალკეული აქტუალური საკითხებისა და სამომავლო გეგმების განხილვას. კულტურათაშორისი დიალოგის ეფექტიანობა, გაერთიანებული ძალისხმევით ქვეყნის უნიკალური კულტურული მრავალფეროვნების, მატერიალური და არამატერიალური ძეგლებისა და ტრადიციების დაცვა და განვითარება დიდწილად განსაზღვრავს მრავალკულტურული და ტოლერანტული გარემოს განმტკიცების ხარისხს. ასევე მნიშვნელოვანია, ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო და ტრადიციული სპორტული აქტივობების განხორციელება, კულტურული ტრადიციების წარმოჩენა და ახალგაზრდებში კულტურული მრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება, რაც მოიაზრებს როგორც ქართული კულტურის, ასევე საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის კულტურების უკეთ გაცნობას“ - განაცხადა ლია გიგაურმა.
 
თემატური სამუშაო ჯგუფი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის ფარგლებში ფუნქციონირებს და მიზნად ისახავს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2021-2030 წლების სამოქმედო გეგმის ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობას. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მონაწილეობას იღებს სამთავრობო კომისიის წევრი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, ასევე კულტურის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლები.
 
თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მხარდაჭერით, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია.