ლია გიგაურმა, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებების ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა

16 ნოემბერი 2022
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებების ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.
 
ლია გიგაურმა, კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარზე, რომელიც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს ეძღვნებოდა, სტუდენტებს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში უმასპინძლა და ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცა.
 
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების ახალგაზრდებთან საქართველოს ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვანი საზოგადოების მშვიდობიანი თანაცხოვრების უნიკალურ ისტორიულ გამოცდილებაზე ისაუბრა, რომელიც დღეს უკვე სახელმწიფო პოლიტიკით არის გამყარებული და ხელს უწყობს თანასწორი და ტოლერანტული საზოგადოების განმტკიცებას.
 
ლია გიგაურმა სემინარის მონაწილე სტუდენტებს უწყების კომპეტენციაში შემავალი შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის თაობაზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების როლსა და მათი ჩართულობის გაზრდაზე, ისევე როგორც სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე, რაც ამავდროულად სახელმწიფო პოლიტიკის გამჭოლ პრიორიტეტს წარმოადგენს.
 
კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარების ციკლი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პარტნიორობით ხორციელდება, რომელსაც მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი.