აფხაზეთიდან გადმოსვენებული 3 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

9 დეკემბერი 2022
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 3 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
 
ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი გადმოასვენეს. ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, ნეშტების დაკრძალვა სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე მოხდა.
 
სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტაძარში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.