შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) სპეციალურ წარმომადგენელთან, ანიეს ქოთუსთან წლის მანძილზე გაწეული ერთობლივი საქმიანობის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ICRC-ის წარმომადგენელს თანამშრომლობისა და საქართველოში ორგანიზაციის მიერ გაწეული ჰუმანიტარული ძალისხმევისთვის.
თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესის, მისი შემდგომი მდგრადობის და ეფექტიანობის უზრუნველყოფის განსაკუთრებულ დატვირთვაზე.
მხარეებმა მიმოიხილეს ინტენსიური თანამშრომლობის შედეგები, მათ შორის, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედის დადგენის მიზნით მიმდინარე პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესის აქტუალური საკითხები და სამომავლო ხედვები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით, თემატური სამუშაო ჯგუფების ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობაზე და მიღწეულ შედეგებზე. შეხვედრაზე დაფიქსირდა პროგრამის ეფექტიანობის შემდგომი გაუმჯობესებისთვის ერთობლივი მუშაობის გაგრძელების მზადყოფნა.