თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა მოლდოვის ვიცე-პრემიერთან რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანთან

14 დეკემბერი 2022
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა მოლდოვის ვიცე-პრემიერთან რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანთან. შეხვედრა დისტანციურად, ონლაინ ფორმატში გაიმართა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების და, მათ შორის, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საქართველოსა და მოლდოვას მჭიდრო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. აქვე აღინიშნა სამშვიდობო პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის როლი და შემდგომი მხარდაჭერის კონსოლიდაციის აუცილებლობა.
 
ამასთან, აღინიშნა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიისა და მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად რეგიონში შექმნილი ურთულესი გამოწვევები და მისი გავლენა რეგიონულ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ნორმებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგზე.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები, ამოცანები და სამომავლო ხედვები, რაც ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის, დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას, ასევე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.