თეა ახვლედიანი: სამოქალაქო ინტეგრაცია მრავალგანზომილებიანი პროცესია, რაც მოითხოვს საზოგადოების თითოეული წევრის, როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის მხრიდან სრულფასოვან მონაწილეობას, მხარდაჭერასა და ქმედით თანადგომას

16 დეკემბერი 2022
თეა ახვლედიანი: სამოქალაქო ინტეგრაცია მრავალგანზომილებიანი პროცესია, რაც მოითხოვს საზოგადოების თითოეული წევრის, როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის მხრიდან სრულფასოვან მონაწილეობას, მხარდაჭერასა და ქმედით თანადგომას
 
თანასწორობის, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის ხელშესაწყობად, ძალისხმევა მიმართული იყო არსებული საკონსულტაციო მექანიზმების ეფექტიანობის გაძლიერებაზე; ასევე, მიმდინარე საჭიროებების საპასუხოდ შესაბამის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და ცნობიერების ამაღლებაზე.
 
• ამ მიზნით, ჩატარდა ათეულობით შეხვედრა და ტრენინგი ადამიანის უფლებების, სამართლებრივ საკითხებზე, ქალთა გაძლიერების, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის, მედია წიგნიერების, ევროპული და ევროატლანტიკური პროცესებისა და სხვა აქტუალურ თემატიკაზე, მათ შორის, ქალების, ახალგაზრდებისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის.
 
• კანონმდებლობაზე ეთნიკური უმცირესობების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, აღსანიშნავია, რომ 2020-22 წლებში აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ითარგმნა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე განთავსდა 16 საკონონმდებლო აქტი, მათ შორის: საქართველოს კონსტიტუცია; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; კანონები სახელმწიფო ენის; ზოგადი განათლების; ქალთა მიმართ და/ან ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ და სხვა.
 
• მიმდინარეობდა სატელევიზიო და ინტერნეტ-მაუწყებლობა ეთნიკური უმცირესობების მშობლიურ ენებზე. ამასთან, ინფორმაციის მიღების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფოს დაფინანსებით გაგრძელდა სომხურენოვანი გაზეთი „ვრასტანის“ და აზერბაიჯანულენოვანი გაზეთი „გურჯისტანის“ გამოცემა, ისევე როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ - ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირება მათ მშობლიურ ენებზე.
 
სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის პრიორიტეტის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე პოზიტიურად აისახება განხორციელებული მრავლობითი ინფრასტრუქტურული პროექტები შიდა გზების, საირიგაციო და სასმელი წყლის სისტემების, გარეგანათების რეაბილიტაციის, სკვერებისა და გასართობი სივრცეების მოწყობის და სხვა მიმართულებებით, რაც მომავალშიც გაგრძელდება. სამივე რეგიონის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში 170-ზე მეტი პროექტი განხორციელდა, ჯამური ღირებულებით - 130 მლნ. ლარი.
 
• სახელმწიფო პროგრამებზე, მომსახურებებსა და უფასო იურიდიულ დახმარებაზე წვდომის ხელშესაწყობად, განხორციელდა საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კარდაკარ კამპანიები, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა სოციალური, ეკონომიკური, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, სოფლის მეურნეობის და სხვა სახელმწიფო პროგრამების შესახებ. ჩატარებულ 60-ზე მეტ შეხვედრაში 3000-ზე მეტი მოქალაქე მონაწილეობდა.
 
• ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდი ითარგმნა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და დღეიდან ხელმისაწვდომია ჩვენი არაქართულენოვანი მოქალაქეებისთვის, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს მშობლიურ ენაზე მიიღონ ინფორმაცია მიზნობრივი სოციალური დახმარების, სახელმწიფო პენსიების, სოციალური პაკეტის და სხვა სახელმწიფო გასაცემლების მიღების პირობებთან დაკავშირებით.
კულტურათაშორისი დიალოგის პრიორიტეტის ფარგლებში სტრატეგიის ამოცანები მიმართულია კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენის, გაზიარებისა და განვითარებისკენ, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ეთნოსის თეატრების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების საქმიანობის, კულტურულ-საგანმანათლებლო-სპორტული ღონისძიების მხარდაჭერის გზით. სახელმწიფო დაფინანსებით ხელშეწყობილია მუზეუმების და თეატრების საქმიანობა და სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, მათ შორის მუნიციპალურ დონეზე.
 
აქვე მსურს პოლიტიკის განხორციელების ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით მოგახსენოთ, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით, ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის (FCNM) მე-4 ციკლის ფარგლებში მომზადდა და ევროპის საბჭოს წარედგინა სახელმწიფო ანგარიში, რომელშიც კომპლექსურად აისახა ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში ეთნიკურ უმცირესობათა დაცვის მიმართულებით არსებული ვითარება და შექმნილი შესაძლებლობები.
 
ამჟამად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სტრატეგიის 2023-24 წლების სამოქმედო გეგმაზე, რომლის ორიენტირები იქნება მეტად ამბიციური, რათა სამომავლო ნაბიჯები ქმედითად პასუხობდეს საჭიროებებს და ხელს უწყობდეს შემდგომი ხელშესახები შედეგების ეტაპობრივ მიღწევას. მოგეხსენებათ, სამოქალაქო ინტეგრაცია მრავალგანზომილებიანი პროცესია, რაც მოითხოვს საზოგადოების თითოეული წევრის, როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის მხრიდან სრულფასოვან მონაწილეობას, მხარდაჭერასა და ქმედით თანადგომას, ისევე როგორც პასუხისმგებლობების გაზიარებას. სწორედ ასეთ განზომილებაში ვხედავთ სტრატეგიის განხორციელების ეფექტიანობას და ამ მიმართულებით საზოგადოების კონსოლიდაციის დიდი იმედი გვაქვს.