თეა ახვლედიანი: სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიამ, მაღალი შეფასება მიიღო როგორც ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტული წრეების მხრიდან
ახლა კი, მოგახსენებთ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის თაობაზე და იმ შედეგებზე, რაც მიღწეულ იქნა, შარშან დამტკიცებული ახალი 10-წლიანი სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პირველი, ორწლიანი ციკლის განხორციელების ფარგლებში.
აღნიშნულმა სტრატეგიამ, რომელიც წარმოადგენს ხელისუფლების მკაფიო განაცხადს ჩვენს ქვეყანაში კულტურულად მრავალფეროვანი და დემოკრატიული საზოგადოების შემდგომი განმტკიცებისთვის, მაღალი შეფასება მიიღო როგორც ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტული წრეების მხრიდან და ხაზი გაესვა მის სრულ შესაბამისობას საერთაშორისო პრინციპებსა და სტანდარტებთან.
ვფიქრობ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მაღალი შეფასების დამსახურებას წინ უძღოდა მასშტაბური სამუშაო, რაც პირველ რიგში უკავშირდება, ჩვენი ინიციატივით მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, ჩვენი ბოლო წლების საქმიანობის ყოვლისმომცველ შეფასებას მიღწეული პროგრესისა და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების გამოვლენის მიზნით, რასაც შემდგომ დაეფუძნა ახალი სტრატეგიული გეგმის შემუშავების ღია და ინკლუზიური პროცესი, რომელიც ყველა შესაბამისი ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორის აქტიური მონაწილეობითა და სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობით წარიმართა. ამასთან, გათვალისწინებულ იქნა გასული წლების გამოცდილება, ისევე როგორც საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში მიღებული რეკომენდაციები. აღსანიშნავია, რომ პროცესში ჩართული იყვნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები; ასევე, სტრატეგიის შემუშავების დასკვნით ეტაპზე უზრუნველყოფილ იყო ყველა დაინტერესებული პირის მხრიდან მოსაზრების გამოხატვისა და წვლილის შეტანის შესაძლობელობა. ამდენად, სტრატეგია, ღია და დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით შემუშავებული, მაღალი ლეგიტიმაციის დოკუმენტია, რომელიც მიზნად ისახავს არსებითი შედეგების მიღწევას 5 სტრატეგიული პრიორიტეტული მიმართულებით.