თეა ახვლედიანი: განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდებისა და ქალების როლის გაძლიერებას
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლის გაძლიერებას, ვინაიდან გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ახალგაზრდები სწორედ ის თაობაა, რომელმაც ერთად უნდა მიიღოს მონაწილეობა მშვიდობიანი, დემოკრატიული მომავლის მშენებლობაში. ამ მიზნით, წელს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა პირველად დანერგა და აამოქმედა ინიციატივა „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“, რომლის ფარგლებშიც საკონკურსო წესით გამოვლენილი გამარჯვებული 3000 ლარით დაჯილდოვდა. ეს ინიციატივა მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება; გარდა ამისა, სამშვიდობო პროცესზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით გავმართეთ არაერთი შეხვედრა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მცხოვრებ, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თემით დაინტერესებულ ახალგაზრდებთან. აღსანიშნავია, რომ შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად მიზნად დავისახეთ ახალგაზრდების მეტად წახალისება და ხელშეწყობა, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ საქართველოში მშვიდობის მშენებლობის პროცესში.
აქტიურად გრძელდებოდა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება სამშვიდობო პროცესში ქალთა როლისა და ჩართულობის გაძლიერების მიმართულებით, რაც ასევე ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენს პარტნიორთან - საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, გაიმართა არაერთი შეხვედრა კონფლიქტით დაზარალებულ ქალებთან, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მიმდინარეობის თაობაზე. გარდა ამისა, გამყოფი ხაზის სოფლებში შედგა საინფორმაციო სესიები ოჯახში ძალადობის საკითხზე და სახელმწიფო სერვისების შესახებ, ასევე, ჩატარდა სასწავლო ტრენინგები ქალთა მეწარმეობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების თაობაზე.