თეა ახვლედიანი: განსაკუთრებული ზრუნვის საგანია გამყოფი ხაზების სიახლოვეს, კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა

16 დეკემბერი 2022
თეა ახვლედიანი: განსაკუთრებული ზრუნვის საგანია გამყოფი ხაზების სიახლოვეს, კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა
 
ჩვენთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანია გამყოფი ხაზების სიახლოვეს, კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა. მოგეხსენებათ, 2013 წლიდან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით და სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანა-თავმჯდომარეობით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში გრძელდება ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვის, საგანმანთლებლო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროგრამების განხორციელება. 2022 წელს დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების საერთო ღირებულებამ 85 მლნ. ლარს მიაღწია.
 
ერთიანი სამთავრობო ძალისხმევის შედეგად: გათბობით უზრუნველყოფილია 14 000-ზე მეტი ოჯახი; სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 6 სკოლისა და 8 საბავშვო ბაღისთვის. 2021-22 სასწავლო წლისთვის სახელმწიფომ 2400-მდე სტუდენტს დაუფინანსა უმაღლესი განათლება, რისთვისაც გამოიყო 5 მილიონი ლარი. არსებული საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების და უკეთ ორგანიზების მიზნით, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და ძალისხმევით, პარტნიორ უწყებებთან ერთად კომისიამ დაამტკიცა კონკრეტული ცვლილებების გეგმა და წელს პირველად სტუდენტებს საშუალება მიეცათ დაფინანსების მისაღებად რეგისტრაცია გაევლოთ ელექტრონულად, სპეციალურად შექმნილი პლატფორმის მეშვეობით, რაც გაზრდის პროცესების მართვის ეფექტიანობას.