თეა ახვლედიანი: განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით დავიწყეთ მუშაობა განათლების ყველა საფეხურისა და არაფორმალური განათლებისთვის დისტანციური განათლების შესაძლებლობების განვითარებაზე

16 დეკემბერი 2022
თეა ახვლედიანი: განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით დავიწყეთ მუშაობა განათლების ყველა საფეხურისა და არაფორმალური განათლებისთვის დისტანციური განათლების შესაძლებლობების განვითარებაზე.
 
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის, ასევე ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული დაბრკოლებების საპასუხოდ, პრიორიტეტად დავისახეთ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაღალი სტანდარტის განათლების შესაძლებლობების განვითარება. შეთავაზებული პროგრამების გამოყენებით, მიმდინარე წელს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში, კვლავ უგამოცდოდ 230 სტუდენტი, 1+4 პროგრამის ფარგლებში და ეროვნული გამოცდების საფუძველზე კი, დამატებით 14 სტუდენტი ჩაირიცხა. ვითვალისწინებთ რა ადგილზე არსებულ გამოწვევებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით დავიწყეთ მუშაობა არსებული მექანიზმების დახვეწაზე, ასევე განათლების ყველა საფეხურისა და არაფორმალური განათლებისთვის ალტერნატიული სასწავლო ფორმატების შექმნისა და დისტანციური განათლების შესაძლებლობების განვითარებაზე, რაც ოკუპირებულ რეგიონებში ახალგაზრდების ინტერესის სფეროს წარმოადგენს.
 
სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო სერვისზე წვდომის გამარტივების მიზნით, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ თითოეულ დარგობრივ სახელმწიფო უწყებასთან, რათა პრაქტიკაში წარმატებით დაინერგოს შესაბამისი სტატუს-ნეიტრალური მექანიზმები და უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების ცხოვრებაში ეფექტიანი რეალიზება. სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულების შემდგომი განვითარების მიზნით ჩვენ მომზადებული გვაქვს წინადადება საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე, რომელსაც მომავალი წლის დასაწყისში წარმოვუდგენთ საქართველოს პარლამენტს განსახილველად.