თეა ახვლედიანი: ადამიანების საჭიროებების საპასუხოდ, ვაგრძელებთ უფრო მეტად ხელშესახებ შედეგზე ორიენტირებულ საქმიანობას ყველა შესაბამისი მიმართულებით.
ერთი მხრივ, ადამიანზე ორიენტირებული შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს განუყოფელ ტერიტორიებთან - ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში განიხილება და მიზნად ისახავს, კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე შევქმნათ პირობები, ომით და საოკუპაციო ხაზით დროებით დაშორებულ ადამიანებს შორის მშვიდობიანი და ჰარმონიული, ისტორიულად დამკვიდრებული, უთიერთგაგებასა და პატივისცემაზე დამყარებული თანაცხოვრების აღსადგენად. ამისათვის კი, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია, როგორც ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის მშენებლობისა და შერიგებისკენ, ასევე, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვისა და მათი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ - უკეთესი მომავლის პერსპექტივების გასაძლიერებლად. აღნიშნული, თავის მხრივ, უკავშირდება მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას და საერთო მომავლის ხედვას განვითარებულ, ძლიერ, ევროპულ სახელმწიფოში, სადაც თანაბრად დაცულია ყველა მოქალაქის უფლებები და ღირსება.
დემოკრატიის პრინციპები და ევროპული ღირებულებები, მეორე მხრივ, ერთმნიშვნელოვნად გაზიარებულია სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებშიც, რომელიც ჩვენ ქვეყანაში წარმოდგენილ ეთნიკურ უმცირესობათა მიმართებაში განიხილება. საუკუნეების მანძილზე საქართველოში კულტურით, ტრადიციებით, თუ მრწამსით განსხვავებული ადამიანების ღირსეულად თანაცხოვრების უნიკალური გამოცდილება, დღეს, უკვე სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებშია განმტკიცებული და მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, განვითარების თანაბარი შესაძლებლობების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის სათანადო პირობების შექმნას, კონსტიტუციური და მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ორივე მიმართულებით აღნიშნული მიზნები კომპლექსური და მრავალგანზომილებიანია, რაც საჭიროებს დინამიური და მრავალსექტორული პოლიტიკის კონსოლიდირებულ და თანამიმდევრულ წარმართვას. სწორედ ეს ამოცანა განსაზღვრავს უწყების საქმიანობის სპეციფიკას: კერძოდ, სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, ჩვენს ძირითად ფუნქციას პოლიტიკის ფორმირების, შემუშავებისა და განვითარების პროცესების, ასევე, შესაბამისი სტრატეგიების განხორციელების კოორდინაცია წარმოადგენს, რომელსაც ინკლუზიური მიდგომით ვახორციელებთ. ამ მიზნით:
• ჩვენ ინტენსიურად, ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში, ინდივიდუალურად თუ სპეციალურად შექმნილ სხვადასხვა ფორმატში ვთანამშრომლობთ პოლიტიკის განმახორციელებელ დარგობრივ სახელმწიფო უწყებებსა და სტრუქტურულ ერთეულებთან.
• განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობას საქართველოს პარლამენტთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის ფორმატში, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის და სხვა დარგობრივი კომიტეტების ფარგლებში.
• მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ორივე პოლიტიკის მიმართულებით 8 სამიზნე რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან; მათ შორის, ჩართული ვართ და რეგულარულად ვმონაწილეობთ ეთნიკური უმცირესობების საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობაში.
• ერთიანი სამთავრობო ძალისხმევის მაკოორდინირებელი ფუნქციის სათანადოდ აღსრულების მიზნით, ვხელმძღვანელობთ ოთხ უწყებათაშორის კომისიას: თავმჯდომარის რანგში: 1. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიას; 2. ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილ სამთავრობო კომისიას; 3. შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების კომისიას; 4. თანათავმჯდომარის რანგში კი - გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებით სამთავრობო კომისიას.
• განსაკუთრებულ პრიორიტეტს ვანიჭებთ მოსახლეობასთან უშუალო კავშირს, როგორც გამყოფი ხაზის გასწვრივ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ სოფლებში, ასევე ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში რეგულარული ვიზიტებისა და ადგილზე, მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრების განხორციელების გზით, რაც პანდემიის დასრულების შემდგომ კიდევ უფრო ინტენსიური და სისტემური გავხადეთ. ადგილობრივ მოსახლეობასთან ჩატარებულმა მრავალმა შეხვედრამ საშუალება მოგვცა სიღრმისეულად გავცნობოდით მათ მოსაზრებებს ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის შესახებ, მიგვეღო დეტალური ინფორმაცია კონკრეტულ საჭიროებებთან, თუ გამოწვევებთან დაკავშირებით და დაუყოვნებელი რეაგირება მოგვეხდინა პროფილურ განმახორციელებელ უწყებებთან მიზანმიმართული შუამდგომლობის ან/და შესაბამის სტრატეგიულ დოკუმენტებში სათანადო ნაბიჯების ასახვის გზით.
• ჩვენი საქმიანობის ეფექტიანი განხორციელებისათვის, სახელმწიფოს ძალისხმევასთან ერთად, აუცილებლად მიგვაჩნია საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფა. განვაგრძობთ სხვადასხვა პლატფორმების ფარგლებში ჩამოყალიბებულ თანამშრომლობას სამოქალაქო სექტორთან. მათ შორის, აღსანიშნავია ჩვენი წარმატებული პარტნიორული ურთიერთობები სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნული უმცირესობათა საბჭოს ფართე წარმომადგენლობასთან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო დიალოგის გასაძლიერებლად სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით სპეციალურად შექმნილ ფორმატებში - ეს არის ექსპერტთა საბჭო და ქალთა საკონსულტაციო პლატფორმა, რომლებიც შედეგზე ორიენტირებულ და ეფექტიან მექანიზმებად ჩამოყალიბდა.
• ორივე პოლიტიკის ფარგლებში დასახული ამოცანების გადასაჭრელად უაღრესად დიდი მნიშვნელობის მატარებელია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან რეგულარული თანამშრომლობა. სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ქვეყნის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ჩართულია სხვადასხვა ფორმატებში - გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა პარტნიორი ქვეყნების ყველა იმ ინსტრუმენტის ფარგლებში, რომელიც უკავშირდება პოლიტიკის პრიორიტეტებს, დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხებს. კომპეტენციის ფარგლებში, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელებთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან, ასევე პარტნიორი-სახელმწიფოების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების დელეგაციებთან.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წელს სამუშაო ვიზიტით ვეწვიე ბრიუსელსა და ვაშინგტონს, სადაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვიმსჯელეთ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის შემდგომ განვითარებაზე, ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, არსებულ გამოწვევებზე და მათ დასაძლევად, ჩვენი შემდგომი ერთობლივი ძალისხმევისა და კოორდინირებული ქმედებების გაძლიერების გზებზე.
აქვე, მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერი პოზიციისთვის; აგრეთვე, დონორი სახელმწიფოების მხრიდან ჩვენი ორივე პოლიტიკის პრიორიტეტებისა და ამოცანების შესაბამისად გაწეული ძალისხმევის მხარდაჭერისთვის.
ყველა ზემოაღნიშნული მიმართულებით წლის მანძილზე გაიმართა მრავალი შეხვედრა; გაძლიერდა კოორდინაცია; ჩვენს კოლეგებთან და პარტნიორებთან მიმდინარეობდა მრავალმხრივი, ინტენსიური თანამშრომლობა, რაც უაღრესად შედეგიანი იყო, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით: უფრო ყოვლისმომცველი და თანმიმდევრული გახდა პოლიტიკის ხედვა, გაუმჯობესდა და დაიხვეწა სამოქმედო გეგმები, პროაქტიულად დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები და მიზნობრივი ქმედებები. შესაბამისი უწყებების, ისევე როგორც საპარლამენტო კომისიის ჩართულობით, ერთობლივად, რიგი საკითხების პრაქტიკაში უკეთ რეალიზების გზების გამონახვამ შესაძლებელი გახადა ურთიერთდაკავშირებული საკვანძო თემების კომპლექსურად გააზრება და მოკლე დროში გადაჭრა. ადამიანების საჭიროებების საპასუხოდ პოზიტიური განვითარებების კვალდაკვალ, უაღრესად დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით და ვაგრძელებთ უფრო მეტად ხელშესახებ შედეგზე ორიენტირებულ საქმიანობას ყველა შესაბამისი მიმართულებით.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ძირითადი განზომილებების ამ მოკლე მიმოხილვის დასასრულს, მსურს მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, საქართველოს პრემიერ მინისტრს არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივისა და უწყების საქმიანობის მხარდაჭერისთვის; საქართველოს პარლამენტს; ყველა შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტს; სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს, და რა თქმა უნდა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მცირერიცხოვან გუნდს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს დასახული ამოცანების გადასაჭრელად.