ოლეგ სერებრიანი, სახელმწიფო მინისტრთან თეა ახვლედიანთან ერთად არასამთავრობო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

1 თებერვალი 2023
საქართველოში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანი, სახელმწიფო მინისტრთან თეა ახვლედიანთან ერთად, აპარატთან შექმნილი ორი პლატფორმის - ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს და ქალთა საკონსულტაციო პლატფორმის წევრებს შეხვდა.
 
შეხვედრის დროს, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და ექსპერტების მხრიდან გამოხატული ინტერესის შესაბამისად, მაღალი დონის სტუმართან განხილულ იქნა საკითხების ფართო სპექტრი, მოლდოვის გამოცდილება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, არსებული გამოწვევები და პერსპექტივები; მშვიდობის მშენებლობაში ქალთა როლის გააქტიურება და ამ მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობა; ევროინტეგრაციის პროცესი; ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიისა და მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად რეგიონში შექმნილი ურთულესი გამოწვევები და მათი გავლენა რეგიონულ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ნორმებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგზე. ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საქართველოსა და მოლდოვას შორის შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის საჭიროებას.
 
თეა ახვლედიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ეფექტიანი გატარების პროცესში სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობა.
 
თავის მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა შეხვედრა ძალზე დადებითად შეაფასეს და საქართველოს სახელმწიფო მინისტრს და მოლდოვის ვიცე-პრემიერს მადლობა გადაუხადეს აღნიშნული ინიციატივისთვის.
 
მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში, ოლეგ სერებრიანი საქართველოში სამუშაო ვიზიტით 30-31 იანვარს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის მოწვევით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მოლდოვის დელეგაციამ შეხვედრები ასევე გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხთა დროებითი კომისიის ხელმძღვანელთან და კომისიის წევრებთან, ამასთან, მოინახულა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ოძისი.