თეა ახვლედიანმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შერაზ გასრისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

4 თებერვალი 2023
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შერაზ გასრისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
 
თეა ახვლედიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
 
სახელმწიფო მინისტრმა უცხოელ დიპლომატს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულების - როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკების პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები.
 
დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის ჩათვლით.
 
შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებაზე საუბრისას, სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა ჩართულობის სხვადასხვა სფეროს ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენის კუთხით გაწეული ძალისხმევა.
 
თეა ახვლედიანმა ელჩს გააცნო საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული 2021-2030წწ. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები, ასევე აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები.
საფრანგეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის მტკიცე პოზიცია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და სახელმწიფო მინისტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე პოლიტიკის განხორციელების პროცესში.
მხარეები თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.