შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
თეა ახვლედიანმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის თანაგრძნობა გამოუცხადა და ღრმა მწუხარება გამოთქვა თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების გამო.
„სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და პირადად ჩემი სახელით, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი უაღრესად გულწრფელი თანაგრძნობა დამანგრეველი მიწისძვრის ტრაგიკული შედეგების გამო.
ღრმა მწუხარებას გამოვხატავ დაღუპულთა ოჯახების მიმართ. გლოვის ამ მძიმე ჟამს, ჩვენი თურქი მეგობრებისა და კატასტროფით დაზარალებული ყველა ადამიანის მიმართ სოლიდარობასთან ერთად, საქართველო მტკიცედ დგას თურქეთის ხელისუფლებისა და ხალხის გვერდით და პრემიერ-მინისტრის ინიციატიავით, განაგრძობს მონაწილეობას ფართომასშტაბიან სამაშველო ოპერაციაში, ისევე როგორც ჰუმანიტარულ მხარდაჭერას.
გამოვთქვამ რწმენას, რომ ერთობლივი საერთაშორისო ძალისხმევით უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა იქნება შესაძლებელი და დაშავებულები მალე გამოჯანმრთელდებიან,“ - ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის სამძიმრის წერილში.