შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.
სახელმწიფო მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი გვირგვინით შეამკო.თეა ახვლედიანმა გმირის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მთავრობის სახელით სრული თანადგომა აღუთქვა.
„დღეს 5 წელი შესრულდა ახალგაზრდა ქართველი გმირის არჩილ ტატუნაშვილის შემზარავი მკვლელობიდან, რომელმაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირა, სამშობლოს ერთიანობის და ღირსების დაცვას. მსურს, ქედი მოვიხარო მისი ხსოვნის წინაშე და კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ტატუნაშვილის წამებასა და მკვლელობაზე ისევე როგორც ჩვენს ქვეყანაში დღემდე მიმდინარე ოკუპაციის უმძიმეს შედეგებზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს და აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც პასუხს აგებენ ჩადენილი დანაშაულისთვის ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი გმირების სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილე პირები და აუცილებლად, ჩვენი სამშვიდობო, თანმიმდევრული პოლიტიკით მოხდება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ომით გაყოფილი საზოგადოების გაერთიანება,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.