შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ საგრანტო კონკურსის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

24 მაისი 2023
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ საგრანტო კონკურსის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა.
 
როგორც ლია გიგაურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გამჭოლი პრიორიტეტი სწორედ ახალგაზრდების გაძლიერებაა. აპარატის საქმიანობიდან გამომდინარე, პრიორიტეტი ენიჭებათ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ოჯახების ახალგაზრდებს გამყოფი ხაზის სოფლებიდან, ასევე საქართველოს რეგიონებიდან სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს. მისი თქმით, მისასალმებელია და მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში; მეწარმეობის მხარდაჭერაზე ორიენტირებული ღონისძიებები, რომლებიც ერთი მხრივ სოციალურ და ეკონომიკურ მონაწილეობას წაახალისებს, ახალგაზრდა მეწარმეებს დაეხმარება სამეწარმეო პოტენციალის გაუმჯობესებასა და თვითდასაქმებაში, მეორე მხრივ რეგიონების განვითარებასა და გაძლიერებას უწყობს ხელს.
 
ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE), საგრანტო კონკურსის ფარგლებში, 22 მონაწილიდან, 16 გამარჯვებული გამოვლინდა, მათ შორის 6 გიულჯახან აჯალოვა, გიულგიუნ მამეხდანოვა, ლავრენტი კალაიჩევი, აიშან გიზბასოვა, კარენ არზრუმანიანი და ვოსკეჰატ მკრტიჩიანი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან.
 
პროექტი მიზანი პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების (18-დან 35 წლამდე) სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესების მხარდაჭერას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას.