გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე მიღებულ იქნა მორიგი რეზოლუცია

8 ივნისი 2023
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე მიღებულ იქნა მორიგი რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის“ შესახებ. წელს რეზოლუციას 100-მა წევრმა-სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.
 
რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან დევნილი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად. ამასთან, ის გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და ხაზს უსვამს დევნილთა საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.
 
გასული წლების მსგავსად, დოკუმენტში ხაზგასმულია კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების აუცილებლობა. აღნიშნული დებულება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შემდგომი ხელოვნური იზოლაციისკენ გადადგმული ნაბიჯებისა და ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობის ფონზე.
 
მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.
 
ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან მოუწოდებს გაერო-ს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად მოამზადოს ანგარიში საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების არარსებობის პირობებში.
 
გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის ყოველწლიური მიღება და მხარდაჭერის მზარდი დინამიკა ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობის ძალისხმევის შედეგად, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში და იპყრობს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას.