სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა იმერეთის რეგიონში კულტურულ-საგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარი თემაზე: „ახალგაზრდები სამოქალაქო ინტეგრაციისთვის“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა

16 ივნისი 2023
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა იმერეთის რეგიონში კულტურულ-საგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარი თემაზე: „ახალგაზრდები სამოქალაქო ინტეგრაციისთვის“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა
 
თეა ახვლედიანმა 2 დღიანი ტრენინგ-სემინარი ახალგაზრდებთან არაფორმალური შეხვედრით დაიწყო და ღონისძიების ოფიციალური ნაწილი მისასალმებელი სიტყვით გახსნა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამართულ სემინარზე ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს მინისტრმა ტრენინგის ძირითადი თემატიკა და მიზნები გააცნო; თეა ახვლედიანმა ასევე ისაუბრა უწყების კომპეტენციაში შემავალი როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობზე, მიღწეულ შედეგებსა და დასახულ გეგმებზე.
 
სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციასთან ბრძოლის, მისი გავრცელების პრევენციისა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე ორივე პოლიტიკის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად. ამასთან, მიმოიხილა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული რეფორმები და მიღწეული შედეგები. მან ხაზი გაუსვა ახალგაზრდების როლის გაძლიერებასა და ჩართულობის მნიშვნელობას აღნიშნულ პროცესებში. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. თეა ახვლედიანმა სემინარის მონაწილეთა კითხვებს უპასუხა და მათი მოსაზრებები მოისმინა.
 
"ჩვენ ვაგრძელებთ სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებული კულტურულ-საგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარების ციკლის განხორციელებას არაქართულენოვანი ახალგაზრდებისთვის სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან, რომლის ძირითადი მიზანია ჩვენი საქმიანობის თაობაზე, ისევე როგორც სხვა აქტუალურ საკითხებზე ჩვენი ახალგაზრდების ინფორმირება, მათი ცნობიერების ამაღლება, მათი უნარ-ჩვევების გაძლიერება და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის და როლის გაზრდა. ამ პროექტის განხორციელებაში ჩვენ მხარს გვიჭერს საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა ადამიანის უფლებათა გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისი და პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
 
მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვამ, საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) წარმომადგენელმა ბესარიონ ბოხაშვილმა და იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.
საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვამ აღნიშნა, რომ ციფრული სამყაროს პირობებში, ახალგაზრდები, ქალები და უმცირესობათა წარმომადგენლები დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის პირველადი სამიზნე ჯგუფი არიან. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სათანადოდ შეაფასა ეს საფრთხე და 2021 წელს, სიძულვილის ენასთან ბრძოლის დღე დააწესა, რომელიც 18 ივნისს აღინიშნება. გაერომ ასევე შეიმუშავა მსოფლიოს საზოგადოებებში სიძულვილის ენასთან ბრძოლის სტრატეგია და ამ მხრივ, შესაბამისი ვალდებულებებიც აიღო.
 
„ევროკავშირის ხელშეწყობით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან და გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისთან ერთად, ვაგრძელებთ ახალგაზრდული სემინარების ციკლს სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე. ჩვენი შეხვედრები ქმნის სადისკუსიო პლატფორმას, სადაც ახალგაზრდები მსჯელობენ ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ მათ ისწავლონ ინფორმაციისა და სოციალური მედიის კომპლექსურ სამყაროში ნავიგაცია და დეზინფორმაციის ამოცნობა. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ახალგაზრდები, რათა მათთან ერთად ავაშენოთ ჩვენი ერთობლივი მომავალი და შევქმნათ უფრო თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოება“, - განაცხადა ჩერნიშოვამ.
 
ტრენინგ-სემინარი კულტურულ კომპონენტსაც მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებიდან 35 ახალგაზრდა პრომეთეს მღვიმესა და სათაფლიას ნაკრძალს ეწვია.
 
კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარების ციკლი სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით ჩატარდა.