თეა ახვლედიანმა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ირენ ფელინს უმასპინძლა

30 ივნისი 2023
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ირენ ფელინს უმასპინძლა.
 
ერთდღიანი სამუშაო პროგრამის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა და ირენ ფელინმა განიხილეს საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, ისევე როგორც სამშვიდობო ინიციატივების პრიორიტეტები, დღემდე მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა. ყურადღება გამახვილდა სამშვიდობო პროცესში ქალთა როლის გაზრდის მნიშვნელობაზე. სახელმწიფო მინისტრმა ირენ ფელინს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც საქართველოს სამშვიდობო ძალისხმევის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის.
 
ასევე, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა ირენ ფელინისა და თეა ახვლედიანის ერთობლივი შეხვედრა სახელმწიფო მინისტრის აპარატთან მოქმედი ორი პლატფორმის - ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსა და ქალთა საკონსულტაციო პლატფორმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრისას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მაღალი რანგის სტუმართან და სახელმწიფო მინისტრთან განეხილათ რიგი აქტუალური საკითხებისა, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებები; წარმოედგინათ საკუთარი საქმიანობის მთავარი მიმართულებები; გაეზიარებინათ საკუთარი ხედვა სამშვიდობო პროცესში ქალთა როლის გაძლიერებასთან დაკავშირებით. მონაწილეებმა შეხვედრა ძალზე დადებითად შეაფასეს და საქართველოს სახელმწიფო მინისტრს და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ამ ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადეს. თეა ახვლედიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო მხარდაჭერისა და ჩართულობის, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან, მათ შორის ქალთა ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირენ ფელინი, თეა ახვლედიანთან ერთად, სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზსაც ეწვია. ნატო-ს წარმომადგენელი ადგილზე გაეცნო შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან მიიღო დეტალური ინფორმაცია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფისა და უკანონო დაკავებების, ასევე ადამიანის უფლებების სხვა უხეში დარღვევებისა და ინციდენტების თაობაზე.
 
სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ რეგიონებში და გამყოფ ხაზებთან არსებული ვითარების თაობაზე საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებისა და ერთობლივი სამშვიდობო ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის თავისუფალი გადაადგილებისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
 
„საყოველთაოდ აღიარებულია, რომ შეიარაღებული კონფლიქტების დროს და მათი შედეგების გავლენის გათვალისწინებით, ქალები გამორჩეულად მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ, მაგრამ, ამავე დროს, უკიდურესად მნიშვნელოვანია მათი როლი კონფლიქტების პრევენციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კონტექსტში, რისი მხარდაჭერაც ჩვენი პოლიტიკის ფარგლებში პრიორიტეტად გვაქვს გაცხადებული. სწორედ ამიტომ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ირენ ფელინის მიერ ჩვენი საქმიანობის მიმართ გამოხატულ ინტერესს, ჩართულობასა და მხარდაჭერას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. მასთან ორმხრივ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ საქართველოს სამშვიდობო ძალისხმევის პრიორიტეტულ საკითხთა ფართო სპექტრი. ამასთანავე, ჩვენ გავმართეთ ერთობლივი ღონისძიება სახელმწიფო მინისტრის აპარატთან დაარსებული ექსპერტთა საკონსულტაციო პლატფორმის წევრებთან, სადაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, განვიხილეთ მშვიდობის მშენებლობის პროცესში გაწეული საქმიანობა, არსებული გამოწვევები და ქალთა როლის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები. ჩვენ ასევე ვეწვიეთ სოფელ ოძისს, სადაც ირენ ფელინი ადგილზე გაეცნო საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას “ - განაცხადა თეა ახვლედიანმა.
 
„სასიამოვნოა, რომ საქართველოში კვლავ დავბრუნდი, ეს ბოლო რამდენიმე თვეში ჩემი მეორე ვიზიტია. საქართველოში პრეზიდენტის მოწვევით ვიმყოფები, რათა დავესწრო ქალთა საერთაშორისო კონფერენციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა, ადგილზე ვიზიტის დროს პირადად გავცნობოდი საქართველოში არსებულ ვითარებას. მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტის მოგვარების პროცესში არსებითია ქალთა როლი და სწორედ ეს არის გათვალისწინებული ჩემი, როგორც ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მანდატით. საქართველო ნატოს-თვის ღირებული პარტნიორია. მე აქ ვიმყოფები იმისთვის, რომ დავადასტურო ჩემი მხარდაჭერა და ალიანსის ჩართულობა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში,“- განაცხადა ირენ ფელინმა.