თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს პოლიტიკური საქმეებისა და საგარეო ურთიერთობების დირექტორატის დირექტორთან მიროსლავ პაპასთან შეხვედრა გამართა

4 ივლისი 2023
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს პოლიტიკური საქმეებისა და საგარეო ურთიერთობების დირექტორატის დირექტორთან მიროსლავ პაპასთან შეხვედრა გამართა.
 
სახელმწიფო მინისტრმა მიროსლავ პაპას მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის შერიგების და ჩართულობის პროცესში, ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობის გზით. ამავე კონტექსტში, აღინიშნა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების მნიშვნელობა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას ასახავს და ამგვარად, განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ადგილზე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე ოკუპაცია და შედეგად, ადგილზე შექმნილი მძიმე უფლებრივი მდგომარეობა, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ფართო ევროპული საზოგადოების რეგულარულად ინფორმირების მნიშვნელობას ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების, მათ შორის ეთნიკური დისკრიმინაციის, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების პროცესის, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის და სხვა ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის თაობაზე.
 
სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმდინარეობის თაობაზე. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ხელოვნურად გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის, თანამშრომლობის და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, რაც ევროპის საბჭოს მიერ მხარდაჭერილი ნდობის აღდგენის პროექტების ფარგლებში ეფექტიანად ხორციელდება.
 
მიროსლავ პაპამ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო კვლავ აქტიურად გააგრძელებს ნდობის აღდგენის ღონისძიებების მხარდაჭერას და გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების შემუშავებას.
 
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.