შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა საზაფხულო სკოლა თემაზე „სამშვიდობო პოლიტიკა და ნდობის აღდგენა ოკუპირებულ რეგიონებთან“.
თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა მშვიდობის მშენებლობის პროცესში ახალგაზრდების გამორჩეულ როლს და აღნიშნა, რომ მათი ხედვა ომისა და ოკუპაციისგან თავისუფალი, უსაფრთხო, დემოკრატიულ და ევროპულ განვითარებაზე ორიენტირებული მომავლის შესახებ განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ამ კონტექსტში, სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით აპარატის მიერ განხორციელებულ საქმიანობასა და დაგეგმილ ღონისძიებებზე, მათ შორის 2022 წელს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწესებულ „მშვიდობის ჯილდოზე ახალგაზრდებისთვის“.
სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები და ამოცანები, მიღწული შედეგები და სამომავლო ხედვები, რაც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ასევე ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგის, ნდობის აღდგენისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრობლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
საზაფხულო სკოლა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით 3-8 ივლისის პერიოდში ხორციელდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას საქართველოში არსებული კონფლიქტისა და სახელმწიფოს სამშვიდობო პოლიტიკის თაობაზე. კურსის ფარგლებში ასევე დაგეგმილია გასვლითი ვიზიტი გამყოფ ხაზთან მდებარე კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში.