თეა ახვლედიანმა და საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკ ბერესფორდმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს

5 ივლისი 2023
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკ ბერესფორდმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
 
დოკუმენტი მიზნად ისახავს თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებასა და გაღრმავებას სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე - შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით. კერძოდ, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გამოთქვამენ მზაობას, შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა სტანდარტების საფუძველზე, ხელი შეუწყონ ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის მდგრადი მშვიდობისა და შერიგებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერას, ასევე საქართველოს მრავალეთნიკური საზოგადოების ეფექტიან ინტეგრაციას სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმების განხორციელების გზით.
 
“ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ გაეროს განვითარების პროგრამასთან განასახიერებს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და UNDP-ის შორის უკვე წარმატებით შემდგარი თანამშრომლობის სიმტკიცეს, ამავე დროს ასახავს UNDP-ის წვლილს, რომელიც მას შეაქვს ჩვენი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის თანადგომისა და ზოგადად მშვიდობის მშენებლობის პროცესში. ამავდროულად, ის ასახავს იმ მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელსაც UNDP უწევს სახელმწიფო მინისტრის აპარატს ახლა უკვე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოების შემდგომი ინტეგრაციისა და გაძლიერებისთვის დასახული პრიორიტეტების განსახორციელებლად. ამ შედეგზე ორიენტირებული პარტნიორობის აღიარებასთან ერთად, მემორანდუმის ხელმოწერა ნამდვილად დაუდებს საფუძველს და სათავეს ამ ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და გაფართოებას სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე პოლიტიკის ფარგლებში დასახული პრინციპებისა და პრიორიტეტების შესაბამისად და ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
 
„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს განვითარებაში, მათ შორის ისეთ საკვანძო საკითხებში, როგორიცაა უმცირესობათა ჯგუფების ხელშეწყობა. საქართველოს აქვს მდიდარი ისტორია და მდიდარი კულტურა. ქვეყნის სიძლიერე მის მრავალფეროვნებაშია, ხოლო სახელმწიფო მინისტრის საქმიანობა სწორედ ამ ძლიერი მხარეების გაღრმავებასა და განვითარებას ემსახურება. სწორედ ამიტომ, ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამამ და სახელმწიფო მინისტრის აპარატმა დღეს მოაწერეს ხელი, საკვანძოდ მნიშვნელოვანია მთლიანად გაეროსთვის. ამ შეთანხმების ქვაკუთხედია ადამიანის უფლებების დაცვა, უმცირესობათა უფლებები, ინკლუზიური და თანასწორი განვითარება, რომლის მიღმა არავინ უნდა დარჩეს. ეს ცენტრალური საკითხებია, რომლებიც საფუძვლად უდევს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას თითოეული ადამიანისთვის საქართველოში,“ - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა.