შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს კონკურსს “მშვიდობის ჯილდოს ახალგაზრდებისთვის“ მოსაპოვებლად.
კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერებას, რაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით მიმდინარე შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 29 წლამდე ნებისმიერ ახალგაზრდას, ახალგაზრდების ჯგუფს ან ახალგაზრდულ ორგანიზაციას, წარდგინების საფუძველზე -ნომინაციაზე კანდიდატ(ებ)ის წარდგენა შეუძლიათ არასამთავრობო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ან/და არანაკლებ სამი ადამიანისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ახალგაზრდას, ახალგაზრდების ჯგუფს ან ახალგაზრდულ ორგანიზაციას კონკურსში მონაწილეობა (შესაბამისად, განაცხადის შემოტანა) შეუძლია წარდგინების გარეშეც.
კონკურსის შედეგად, გამოვლინდება 3 გამარჯვებული - ახალგაზრდა, ახალგაზრდების ჯგუფი, ან ახალგაზრდული ორგანიზაცია; თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულ კანდიდატ(ებ)ს გადაეცემა სიგელი და ფულადი ჯილდო 3000 ლარის ოდენობით.
ჯილდო გაიცემა შემდეგი ნომინაციების მიხედვით:
ნომინაცია N1 - საუკეთესო სამშვიდობო საქმიანობა
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობას:
- საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები საზოგადოების ქართველ და აფხაზ / ქართველ და ოს წევრებს შორის კონტაქტების განმტკიცებისა და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის ინიციატივ(ებ)ში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი. (კონკურსის მიზნებისთვის „ინიციატივა“ გულისხმობს ნებისმიერ პროექტს, სამოქალაქო აქტივობას ან საქმიანობას)
ნომინაცია N2 - საუკეთესო სამშვიდობო იდეა
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები საზოგადოების ქართველ და აფხაზ / ქართველ და ოს წევრებს შორის მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის საუკეთესო ინიციატივის/საპროექტო იდეის წარმოდგენა;
- წარმოდგენილი ინიციატივის ინოვაციურობის და განხორციელების შესაძლებლობის დასაბუთება (წარმოდგენილი ინიციატივის განხორციელების შესაძლებლობის დასაბუთება გულისხმობს, დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ინიციატივის სრულად რეალიზების შესაძლებლობის წარმოჩენას.)
- ინიციატივით გათვალისწინებული აქტივობის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელების შემთხვევაში, ადგილობრივი პარტნიორ(ებ)ის / პარტნიორი ორგანიზაცი(ებ)ის მითითება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ნომინაცია N3 - საუკეთესო სამშვიდობო გზავნილი
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მშვიდობის მშენებლობის, ქართულ-აფხაზური / ქართულ-ოსური საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის თემაზე კვლევითი, სამეცნიერო ან/და აკადემიური ხასიათის ნაშრომის მომზადება;
- განხორციელებული თეორიული ხასიათის საქმიანობის შედეგად, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები საზოგადოების ქართველ-აფხაზ / ქართველ - ოს წევრებს შორის მშვიდობის მშენებლობის ან/და ნდობის აღდგენის იდეის ხელშეწყობა / პოპულარიზაცია.
სამივე ნომინაციის შემთხვევაში კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ზოგად პირობებს:
- განხორციელებული / განსახორციელებელი საქმიანობა სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, მათ შორის, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, მიზნებთან, ასევე აღნიშნულ სფეროში მოქმედ სტრატეგიულ დოკუმენტებთან;
- კონკურსის მიზნებისთვის, ნდობის აღდგენის იდეა / საქმიანობა უნდა გულისხმობდეს საოკუპაციო ხაზებით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრების, ანუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად მაცხოვრებელი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლე პირების ჩართულობას / დაახლოებას;
- მშვიდობის მშენებლობის / ნდობის აღდგენის იდეა, საქმიანობა ან ამ თემისადმი მიძღვნილი ნაშრომი უნდა ეხებოდეს მხოლოდ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური ურთიერთობების თემას.
განაცხადები უნდა მიეწოდოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს 3 სექტემბრის ჩათვლით, ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: press@smr.gov.ge.
წარმოდგენილ განაცხადში მითითებული უნდა იყოს:
- ინფორმაცია კანდიდატის წარმდგენი პირის/პირების თაობაზე, საკონტაქტო მონაცემების ჩათვლით;
- ინფორმაცია კანდიდატის შესახებ - სახელი, გვარი, მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები (განათლება, საქმიანობის სფერო);
- მოკლე აღწერა მშვიდობის მშენებლობის / ნდობის აღდგენის პროცესში კანდიდატის მიერ შეტანილი წვლილის შესახებ (არა უმეტეს 500 სიტყვისა);
- დანართები - საპროექტო იდეის, განხორციელებული საქმიანობის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის, ნაშრომების, ვიდეოების ან/და სხვა დამხმარე მასალის სახით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
წარდგენილი კანდიდატი/კანდიდატთა ჯგუფი წინასწარ ინფორმირებული უნდა იყოს კონკურსში ნომინირების შესახებ და თანახმა უნდა იყოს მისი კანდიდატურის განხილვაზე.
კანდიდატ(ებ)ის შერჩევა მოხდება „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ გადაცემის მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ.
გამარჯვებული კანდიდატების გამოცხადება და დაჯილდოება მოხდება მშვიდობის საერთაშორისო დღეს, 2023 წლის 21 სექტემბერს.
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში საკონტაქტო პირია სოფიო ლეთოდიანი - 598 60 50 20.
კონკურსის მიზნებისთვის „ინიციატივა“ გულისხმობს ნებისმიერ პროექტს, სამოქალაქო აქტივობას ან საქმიანობას
წარმოდგენილი ინიციატივის განხორციელების შესაძლებლობის დასაბუთება გულისხმობს, დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ინიციატივის სრულად რეალიზების შესაძლებლობის წარმოჩენას.