თეა ახვლედიანი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა, სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

19 ივლისი 2023

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა, სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან 4 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა.

შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი. ორი დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

1 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.

“დღეს ჩვენ მოვახერხეთ კიდევ 13 უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული ადამიანის ნეშტის გადაცემა ოჯახებისთვის, რაც შესაძლებელი გახდა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული ინტენსიური მუშაობის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერისა და განსაკუთრებით გამოვყოფდი ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის მონაწილეების ძალისხმევის შედეგად. ოჯახები, რომლებსაც დღეს ჩვენ შევხვდით სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არიან ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიერ განცდილი იმ ტრაგიკული მოვლენების უშუალო მონაწილეები, რაც უკავშირდება აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებულ შეიარაღებულ მოქმედებებს. სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ 4 სამხედროს და 9 სამოქალაქო პირის ხსოვნას, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს და იმედს გამოვთქვამ, რომ 30-წლიანი გაურკვევლობის და მოლოდინის დასრულება ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს მათ ამ ტკივილს. დღესდღეობით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 600-ზე მეტი ადამიანია მოძიებული, 240-ზე მეტია იდენტიფიცირებული და კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 2000. შესაბამისად, განვაგრძობთ ინტენსიურ და კოორდინირებულ უწყებათაშორის მუშაობას იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად მეტი ადამიანის მოძიება და ოჯახებისთვის დაბრუნება გახდეს შესაძლებელი,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.