თეა ახვლედიანმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო

8 აგვისტო 2023
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო. სახელმწიფო მინისტრი დაღუპული გმირების მშობლებსა და ოჯახების წევრებს ესაუბრა, კიდევ ერთხელ გამოხატა თანაგრძნობა და ხაზი გაუსვა ომში დაღუპული გმირების ღვაწლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ღირსების დაცვაში.
 
თეა ახვლედიანმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო გორშიც. სახელმწიფო მინისტრმა გორის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა - მეუფე ანდრიამ აღავლინა.
 
„15 წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია და ძალის გამოყენებით უკანონოდ დაარღვია სუვერენული ქვეყნის საზღვრები და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ყოველდღე გვახსოვს და მუდამ გვემახსოვრება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ქვეყნის ერთიანობისა და ღირსების დაცვისთვის ბრძოლაში დაღუპული ჩვენი ვაჟკაცი გმირები. დღეს მსურს, განსაკუთრებული პატივი მივაგო მათ ხსოვნას, მივუსამძიმრო ჩვენი მებრძოლების, სამოქალაქო პირების და საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლთა ოჯახებს და თანაგრძნობა გამოვუცხადო მათ. საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფით, რუსეთი დღემდე განაგრძობს საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების ოკუპაციას, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების შემდგომ იზოლაციას, მათზე საკუთარი უკანონო კონტროლის გაძლიერებას და ადგილზე მყოფი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებს. სწორედ ეს არის, დღესდღეობით, ჩვენი ქვეყნის უმთავრესი გამოწვევა, რომლის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით დასაძლევად, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი ჩვენი ხალხის და ქვეყნის გასაერთიანებლად, ჩვენ განვაგრძობთ ერთიანი სამთავრობო მიდგომით და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას და ინტენსიური ძალისხმევის განხორციელებას იმ მიზნითა და რწმენით, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია, რომ ოკუპაცია დროებითია, რომ აუცილებლად მოიშლება ჩვენს ქვეყანაში გამყოფი ხაზები და ჩვენ შევძლებთ ერთიან, ძლიერ და განვითარებულ სახელმწიფოში აღვადგინოთ ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული თანაცხოვრება ომით დაშორებული საზოგადოების წევრებს შორის,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.