შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
უწყებათაშორისი კომისიის სხდომა სახელმწიფო მინისტრმა გახსნა და ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესის, მისი შემდგომი გაგრძელების და ეფექტიანობის უზრუნველყოფის განსაკუთრებულ დატვირთვაზე.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ კომისიის სხდომაში პირველად მონაწილეობდა და მოხსენებით წარდგა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანი, ანიეს ქოთუ.
სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული თემატიკის მიხედვით, სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და ოჯახების თანადგომის მიმართულებით 2023 წელს განხორციელებული საქმიანობის შუალედური ანგარიში წარმოადგინა. კომისიის შეხვედრაზე განხილულ იქნა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესის მიმდინარეობა, მიღწეული პროგრესი, აქტუალური საკითხები და სამომავლო ხედვები. ყურადღება გამახვილდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) სტრატეგიული კვლევის დასკვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე მიმდინარე პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესზე, ხაზი გაესვა ICRC-თან შემდგომი ინტენსიური თანამშრომლობის მნიშვნელობას.
“კომისიის სხდომაზე ჩვენ ვიმსჯელეთ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესზე, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეკომენდაციების თანახმად მიმდინარეობს. განვიხილეთ კონკრეტული შედეგები და ჩვენი სამომავლო ხედვა, რომელიც პროგრამის განხორციელების პროცესში ოჯახებს ანიჭებს ცენტრალურ ადგილს და ორიენტირებულია სახელმწიფო უწყებების როლის ეტაპობრივ გაზრდაზე. როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს ჩვენ მოვახერხეთ დამატებით 13 ადამიანის მოძიება და ოჯახებისთვის გადაცემა. სწორედ ამ კუთხით, ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე წლის ბოლომდე დასახული პროგრესის მიღწევის შესაძლებლობები და პერსპექტივები. მიღწეულ შედეგებს შორის აღსანიშნავია ისიც, რომ გაძლიერდა უწყებათაშორისი კოორდინაცია, გააქტიურდა ოჯახებთან კომუნიკაცია და გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები არსებული შესაძლებლობების შემდგომი განვითარებისთვის. საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებული თანამშრომლობის პროცესის უზრუნველყოფის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და ნაყოფიერი იყო სპეციალური სტუმრის სტატუსით, კომისიის სხდომაზე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანის, ქალბატონი ანიეს ქოთუს, ჩართულობა და ყველა აქტუალურ საკითხზე მასთან გამართული დისკუსია,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.