შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, შიდა ქართლის რეგიონში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „ნიქოზის“ გახსნას დაესწრო.
თეა ახვლედიანმა, რიგით მეთერთმეტე ფესტივალის ოფიციალურ გახსნაზე შეკრებილ საზოგადოებას, მისასალმებელი სიტყვით მიმართა. სახელმწიფო მინისტრმა, სოფელ ნიქოზში, საერთაშორისო მასშტაბის ფესტივალის ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, ასევე ისაუბრა მშვიდობის შენებისა და ომით დაშორებულ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენის პროცესში ხელოვნებისა და მსგავსი კულტურული ღონისძიებების როლზე. თეა ახვლედიანმა, რომელიც თავად ფესტივალის ერთ-ერთი პარტნიორი და მხარდამჭერია, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ მეუფე ისაიას და ნიქოზის ხელოვნების სკოლას ფესტივალის ორგანიზებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
“ნიქოზის საერთაშორისო ფესტივალი ომის ნანგრევებზე დაარსდა, მან გადალახა უამრავი წინაღობა ოკუპაციის თანმდევ ძალიან მძიმე პირობებში და საქართველოს ფარგლებს გარეთ, გააერთიანა საერთაშორისო დონის ხელოვანები, რომლებიც უკვე 11 წელია, სოფელ ნიქოზიდან უერთდებიან ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, იმ სულისკვეთებით გაჯერებულ ძალიან ძლიერ სამშვიდობო გზავნილს, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს შერიგების პოლიტიკას და სამშვიდობო ინიციატივებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოების აფხაზი და ოსი წევრებისთვისაც, თანაბრად მნიშვნელოვანი,ა განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივების შექმნა, მშვიდობის განმტკიცება და შერიგება ნაცვლად, გაუცხოებისა, ოკუპაციისა, მავთულხლართებისა და სწორედ ამ მიზნებს ემსახურება ნდობის აღდგენისკენ მიმართული ჩვენი სამშვიდობო ინიციატივები, რათა ჩართულობითა და მშვიდობის ერთად მშენებლობის გზით, განვამტკიცოთ ის ფასეულობები, რომლებსაც ემყარება ჩვენი საერთო კულტურა და ისტორია. მსურს, ძალიან დიდი მადლიერებით და დაფასებით მივმართო და გამოვხატო ეს მადლიერება მეუფე ისაიას მიმართ, რომელიც სულისჩამდგმელია ამ ფესტივალის და ყველა იმ ადამიანის და პარტნიორის მიმართ, რომელიც ხელს უწყობს და მხარს უჭერს ამ ფესტივალის განვითარებას,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
ფესტივალის გახსნით ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ნიქოზის ფესტივალზე, რომელიც 2011 წლიდან იმართება, სტუმრები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. ღონისძიების ფარგლებში, რომელიც 1-6 სექტემბერს ჩატარდება, როგორც ქართველი, ისე უცხოელი რეჟისორების ფილმების ჩვენება, გამოფენები, კლასიკური მუსიკის საღამოები და ფოლკლორული კონცერტების გამართვაა დაგეგმილი.