შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამოქალაქო საზოგადოებასთან 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის შესრულება შეაჯამა

8 სექტემბერი 2023
თეა ახვლედიანმა სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა და 2023 წლის შუალედური ანგარიში შეაჯამა.
სახელმწიფო მინისტრმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტების შესაბამისად დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების დინამიკაზე, მიღწეული შედეგებისა და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების, სახელმწიფოს მიერ დანერგილი ინტეგრაციის მხარდამჭერი მექანიზმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
 
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რომელზეც დამსწრეებმა სახელმწიფო მინისტრს განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გააცნეს. სახელმწიფო მინისტრმა ამომწურავი პასუხი გასცა ყველა დასმულ შეკითხვას.
 
თეა ახვლედიანმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
„დღეს ჩვენ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმების განხორციელების ანგარიშები წარვუდგინეთ სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და დარგის ექსპერტებს, რაც ჩვენს მიერ წარმართული პოლიტიკის ღია და ინკლუზიური განხორციელების, მონიტორინგის და ანგარიშგების პროცესის ნაწილია, რა დროსაც ჩვენ განუხრელად ვხელმძღვანელობთ უმაღლესი დემოკრატიული და საერთაშორისო სტანდარტებით. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართული დისკუსიისას, ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ სტრატეგიის განხორციელების დინამიკის წარმოჩენაზე და იმ პროგრესზე, რომელმაც უკვე არსებითი შედეგები მოიტანა. ასევე, განვიხილეთ ის სამომავლო ღონისძიებები და ინიციატივები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოების შემდგომ ინტეგრაციასა და ჩვენი არაქართულენოვანი მოქალაქეების სრულფასოვან მონაწილეობას და ჩართულობას საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
 
კომისიის სხდომა გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) თანამშრომლობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.