სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, ფართომასშტაბიანი კამპანია „ქართული ენა გვაერთიანებს“ დაიწყო.
საქართველოს ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან საზოგადოებაში სახელმწიფო ენის ცოდნის ამაღლების საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მრავალკომპონენტიანი და ფართომასშტაბიანი კამპანია სახელწოდებით - „ქართული ენა გვაერთიანებს“ დაიწყო. კამპანიის მთავარი მიზანია, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, არაქართულენოვანი მოსახლეობის სახელმწიფო ენის შესწავლის მნიშვნელობასა და არსებულ შესაძლებლობებზე ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია.
„სახელმწიფო ენა ინტეგრაციის მხარდასაჭერად“ პირველი რიგის და ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რომლის განხორციელება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობითა და კოორდინირებით მიმდინარეობს.