თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის ელჩთან, იშიძუკა ჰიდეკისთან

29 სექტემბერი 2023
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის ელჩთან იშიძუკა ჰიდეკისთან.
 
სახელმწიფო მინისტრმა უცხოელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა იაპონიის მხრიდან საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და იაპონიას შორის ახლო ურთიერთობებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას.
 
თავის მხრივ, იაპონიის ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო და იაპონია საერთო ღირებულებებს იზიარებენ და გამორჩეული თანამშრომლობა აკავშირებთ, მათ შორის საერთაშორისო არენაზე.
 
თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი საკითხები; ამ მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესზე, რაც ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი ვითარების პირობებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ემსახურება.
 
სახელმწიფო მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა იაპონიის მიერ წლების განმავლობაში გამოყოფილი დახმარებისთვის, რაც გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, იშიძუკა ჰიდეკიმ ძალზე დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ძალისხმევა და შემდგომი მხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატა.
 
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.