შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა, პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულ ახალგაზრდებს, სერტიფიკატები გადასცა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ახალგაზრდების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება დაუთმო უწყების კომპეტენციაში შემავალი როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების პროცესში ახალგაზრდა თაობის ჩართულობის პერსპექტივებს, შესაძლებლობებს და განსაკუთრებული როლის მნიშვნელობას.
ლია გიგაურმა ასევე გააცნო პროექტის შედეგების კავშირი და ახალგაზრდების როლი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პრიორიტეტის მიზნებსა და ამოცანებთან. მან დამწყებ მეწარმეებს განუმარტა როგორც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების, ასევე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარების მნიშვნელობა რეგიონების გაძლიერებისა და ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს პროცესებში.
ტრენინგში ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლისა რეგიონების 17 მუნიციპალიტეტში მცხოვრები 75 ახალგაზრდა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
RDYE პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ერთკვირიანი ბიზნეს გადამზადების ტრენინგების (Business Excellence Trainings/ BET) შედეგად, საერთო ჯამში 200-მდე ახალგაზრდას შესაძლებლობა მიეცა შეისწავლონ მეწარმეობის სხვადასხვა საკვანძო მიმართულებები, მოამზადონ ბიზნეს გეგმები და RDYE პროექტის საგრანტო კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდები კი თავიანთი ბიზნესის განსავითარებლად შესაბამის დაფინანსებას მიიღებენ.
„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.