თეა ახვლედიანმა შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რუსეთის ფედერაციაში კრისტინა მარტი ლანგთან შეხვედრა გამართა

11 ოქტომბერი 2023
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რუსეთის ფედერაციაში კრისტინა მარტი ლანგთან შეხვედრა გამართა.
 
სახელმწიფო მინისტრმა შვეიცარიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე უკანონო ოკუპაციის მძიმე თანმდევი შედეგები, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევები და შემდგომი ხელოვნური იზოლაციის მცდელობები.
 
აღნიშნულ კონტექსტში, თეა ახვლედიანმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სათანადო რეაგირებისა და მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.
თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
 
თავის მხრივ, რუსეთში ფედერაციაში შვეიცარიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვეიცარიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.