ლია გიგაური ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანში სახალხო დღესასწაულს „კოსტაობას“ დაესწრო

16 ოქტომბერი 2023
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანში სახალხო დღესასწაულს „კოსტაობას“ დაესწრო, რომელიც ოსი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის კოსტა ხეთაგუროვის 164-ე წლისადმი მიძღვნილ იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.
 
ლია გიგაურმა შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას და ღონისძიების სტუმრებს დღესასწაული მიულოცა და განაცხადა, რომ ყოველწლიურად „კოსტაობის“ მასშტაბურად აღნიშვნის ტრადიცია არეშფერანში, ქართულ-ოსური მეგობრული ურთიერთობების სიმბოლოდ გადაიქცა და ნათლად ცხადყოფს, რომ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს კულტურულად და ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების სხვადასხვა ეთნოსის, მათ შორის ოსების, იდენტობა, ენა, კულტურა და თვითმყოფადობა დაცული და მხარდაჭერილია; მან აქცენტი ქართულ-ოსური მეგობრული ურთიერთობების მრავალწლიან გამოცდილებაზე გააკეთა და ამ კონტექსტში კოსტა ხეთაგუროვის მოღვაწეობას გაუსვა ხაზი.
 
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ აღინიშნა ისიც, რომ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის ინიციატივითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიაა დაარსებული, რომელიც გადაეცემათ წარჩინებულ სტუდენტებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან.
 
სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდა ადგილობრივი ქართული და ოსური საზოგადოების წარმომადგენლებს და არეშფერანის საჯარო სკოლას საჭირო სპორტული ინვენტარი, ხოლო საბავშვო ბაღს საჩუქრად სათამაშოები გადასცა.
 
სახალხო დღესასწაულზე მოეწყო დოღი, სპორტული შეჯიბრებები, გაიმართა კონცერტები ადგილობრივი და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. ასევე, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ხალხური რეწვის ნიმუშებს და ოსური სამზარეულოს. ღონისძიებას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.