შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური ლაგოდეხში ფესტივალის „ადამიანი და პლანეტა“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო და ღონისძიების მონაწილე 150-მდე ადგილობრივ ახალგაზრდას სიტყვით მიმართა.
როგორც ლია გიგაურმა განაცხადა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის კომპეტენციაში შემავალი როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში, ახალგაზრდები განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენენ, სწორედ ამიტომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი მათთან შეხვედრებს და აქტუალურ საკითხებზე დისკუსიებს ინტენსიურად მართავს, მათ შორის, არაფორმალურ გარემოშიც.
სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, დემოკრატიული, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვანი ინკლუზიური საზოგადოების განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მხარდაჭერა, გაძლიერება, მათი ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ჩართულობის ხელშეწყობა; უწყების საქმიანობის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები თანასწორი და თანაბარუფლებიანი საზოგადოების გაძლიერებას, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას, ძლიერი, ევროპული სახელმწიფოს განვითარების პროცესში ახალგაზრდების როლის გაზრდას და მათთვის ახალი პერსპექტივების შექმნას უკავშირდება, რაც თანხვედრაშია საქართველოს ახალგაზრდა თაობის არჩევანთან, მათ შორის, ჩვენი საზოგადოების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აფხაზი და ოსი წევრების ჩათვლით.
აღინიშნა ისიც, რომ ღონისძიების თემატიკა პირდაპირ კავშირშია სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის მიმართულებებთან. ამავდროულად, სიმბოლურია ფესტივალის ლაგოდეხში გამართვა, რომელიც, თავის მხრივ, მრავალეთნიკური და კულტურულად მრავალფეროვანი საქართველოს ჰარმონიული საზოგადოების ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია.
ლაგოდეხში გამართული ახალგაზრდული ფესტივალის „ადამიანი და პლანეტა“ მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების დაცვის, თანასწორობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობას, კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და საქართველოს ევროპული მისწრაფებების ფართო მხარდაჭერას.
ღონისძიება, რომელსაც ახალგაზრდებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერაა ორგანიზებული.